logo
ENG



"დიდება პარტიას, კულტურის მტრების გამოვლენისთვის" - კულტურის სამინისტროსთან აქცია დაიწყო

21 იან 202214:32
3 წუთის საკითხავი
 

"დიდება პარტიას კულტურის მტრების გამოვლენისთვის" - ამ სლოგანით კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელოვნების სფეროში რეპრესიები დაიწყო. 

უწყებასთან შეკრებილი არიან ხელოვნებათმცოდნეები, მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

"ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში  და არ ვცხოვრობთ საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკაში და ამიტომ, იდეოლოგიური მიზანშეწონილობის მიხედვით, პროფესიონალების შეფასება არ უნდა ხდებოდეს, თითოეული გათავისუფლებული ადამიანი სამაგალითო სპეციალისტი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს სფეროში. მართალია მინისტრმა და მისმა შედგენილმა კომისიამ მათ კომპეტენცია დაუწუნა, მაგრამ ამ კომისიას არ შეუძლია შეაფასოს მათი კომპეტენცია", - ამბობს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სააგენტოდან ათობით ადამიანი გაათავისუფლეს. გათავისუფლებას ისინი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ. 

ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. კიკნაძე ეროვნული მუზეუმის დანგრევის შესახებ მომზადებულ დასკვნას აპროტესტებდა. წულუკიანის ბრძანებით, მისი თანამდებობა ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა. 

ახალბედაშვილმა დანიშვნის შემდეგ მუზეუმიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა, რამდენიმემ კი სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა.

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს.  მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს - თეა წულუკიანმა 36 ადამიანი რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლა. გათავისუფლებულებმა ამის შესახებ ელექტრონულ ფოსტაზე მოსული შეტყობინებით გაიგეს. ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ. 


close დახურვა